ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტი და თანამშრომლობის ახალი ეტაპი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს, მორის პაულუსენს, უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილული იყო ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
საქპატენტის თავმჯდომარის მხრიდან სტუმარს წარედგინა საქართველოში ბოლო წლებში გატარებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის — საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უფლებების დაცვის მექანიზმები ქვეყანაში.
შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო Universal Music Group — მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური ორგანიზაცია, რომლის კორპორაციული შტაბ-ბინა მდებარეობს ჰილვერსუმში, ნიდერლანდებში. აღსანიშნავია, რომ Universal Music Group წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან, მათ შორის — საქართველოსთანაც.

საქპატენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყება მზად არის, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მხარი დაუჭიროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა უფლებები იყოს სათანადოდ დაცული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება Universal Music Group-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც საქპატენტის, ასევე ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) წარმომადგენლებთან.
IPOA, როგორც ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაცია საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 29 დეკემბერს, მას შემდეგ რაც შესაბამისი კონკურსი წარმატებით დასრულდა, IPOA-მ მოიპოვა ოფიციალური აკრედიტაცია და მას შემდეგ, წარმოადგენს ავტორებისა და გამომცემლების ინტერესებს ქონებრივი უფლებების მართვის კუთხით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ნიდერლანდების საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია თოდრია, საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ციმაკურიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჯინჭარაძე.